მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 12 » აბო თბილელი / მეორე თავი წმინდა მოწამე აბოს ქართლში შემოსვლა და ნათლისღება
10:13 PM
აბო თბილელი / მეორე თავი წმინდა მოწამე აბოს ქართლში შემოსვლა და ნათლისღება
მეორე   თავი

წმინდა მოწამე აბოს ქართლში შემოსვლა და ნათლისღება

რადგან იყო დრო, როდესაც ქართლის ერისთავი სახელით ნერსე, ადარნესე კურაპალატისა და ერისთავის ძე, ხმობილ იქნა ბაბილონის ქვეყანაში სარკინოზთა იმჟამინდელი ხელისუფლის, ამირა მუმნი აბდილას მიერ, რომელიც იყო დიდ ქალაქ ბაღდადში, მან რომ ააშენა; ხოლო ბოროტი ადამიანების დაბეზღებით საპყრობილეში ჩააგდო მან ნერსე, ქართლის ქვეყნის ერისთავი, და შეპყრობილი იყო იგი იქ სამი წლის განმავლობაში, სანამ, ღვთის ბრძანებით, არ მოკვდა აბდილა ამირა მუმნი და არ დაჯდა მის ნაცვლად მისი ძე მაჰდი, ქველმოქმედმა ღმერთმა კი დააჯერა მაჰდი ამირა მუმნის გულს ნერსეს გაშვება, გამოიყვანა იგი იმ მწარე საპყრობილისგან და კვლავ ერისთავად გამოუშვა აქ, მის ქვეყანაში.

ახლა მსურს, ქრისტესმოყვარენო, რომ ამიერიდან ამ წმინდა და სანატრელი მოწამის აბოს შესახებ  გაუწყოთ, როგორ ან რაგვარად მოხდა, ან საიდან მოაღწია მან აქ. იგი იყო აბრაამის შთამომავალი,   ისმაელის ძეთაგან, სარკინოზთა ტომიდან, და არათუ უცხო მოდგმისა ანდა ხარჭის ნაშობი, არამედ  ყოვლითურთ არაბთა მოდგმისა მამით და დედით, რომლის მამა და დედა, ძმები და დები იმავე ბაბილონის ქალაქ ბაღდადში იყვნენ. და იყო იგი ახლგაზრდა ჭაბუკი, თითქმის თვრამეტი წლისა ანდა უფრო მცირედის, ცვიდმეტი წლისა. მან ისურვა ნერსე ერისთავთან ერთად აქ წამოსვლა და მსახურად გაუხდა მას. იყო იგი ოსტატი, სურნელოვანი საცხებლების კარგად შემზავებელი; ამასთან, განსწავლული იყო აბრაამის ძის ისმაელის ძეთა, აგარის შთამომავალ სარკინოზთა მწიგნობრობაში.

ხოლო აქედან ჩვენი ქვეყნისკენ წამოსვლა არათუ თვითონ გადაწყვიტა თავისი თავით, არამედ ისევე როგორც ნეტარ აბრაამს უთხრა უფალმა იმავე ქალდეველთა ქვეყანაში: “გამოდი შენი ქვეყნიდან, შენი მოდგმისგან და შენი მამის სახლიდან და მოდი იმ ქვეყანაში, რომელსაც გიჩვენებ მე შენ” (შესაქ. 12.1), ამგვარადვე ესეც ასევე, შთამომავალი აბრაამისა, არათუ თავისი გონებით, არამედ ღვთისმიერი ნიშანცემით იქნა ხმობილი. ამიტომ, დატოვა მან მამა, დედა, ძმები, დები, ნათესავები, საქონელი, ყანები, როგორც უფალი წმინდა სახარებაში (მთ. 19.29), და წამოვიდა აქ, ნერსეს დამგზავრებული ქრისტეს სიყვარულისთვის. როდესაც მოვიდა იგი ქართლში, ცხოვრობდა იგი ნერსე ერისთავთან, თავისი სათნოებით საყვარელი გახდა მთელი ხალხისთვის და ამას დაუმატა ისიც, რომ ისწავლა ქართული წერა-კითხვა და თავისუფლად ლაპარაკი.

მაშინ შეუდგა იგი ძველი და ახალი რჯულის წმინდა საღვთო წიგნების წვდომასა და შესწავლას, რადგან უფალი მცოდნეს ხდიდა მას. და მოდიოდა იგი წმინდა ეკლესიაში და მუდამჟამს ისმენდა წმინდა სახარებისას, საწინასწარმეტყველოთა და მოციქულთა საკითხავებს, და მრავალი რჯულისმეცნიერისგან გამოიკითხავდა და სწავლობდა, ხოლო ზოგიერთს თითქოსდა შეპაექრებითად ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ სწავლის მიზეზად უხდებოდა მას ეს.

აი, ასე გახდა იგი სრულქმნილი მთელი იმ მოძღვრებით, რაც აქვს წმინდა კათოლიკე ეკლესიას ქრისტეს მიერ.

მაშინ უგულებელყო მან მუჰამედის რჯული, მიატოვა მამისეული ლოცვის წესი, შეიყვარა ქრისტე მთელი გულით და გამოირჩია იგი ამ სიტყვით: “მითხრეს მე ურჯულოებმა მოძღვრება, მაგრამ არ იყო ისე, როგორც შენი რჯული” (ფს. 118.85), თუმცა ვერ აცხადებდა თავის თავს სრულ ქრისტიანად, ფარულად კი მარხულობდა და ლოცულობდა ქრისტეს მიმართ და ეძებდა დაცულ ადგილს, სადაც მიიღებდა ქრისტეს ნათელს, რადგან ეშინოდა მას ქვეყნიერების დამპყრობი ჩვენი ზედამხედველი სარკინოზებისგან.

და მოხდა იმ დღეებში სარკინოზ ხელმწიფეთა ხელახალი განრისხება ნერსე ერისთავის მიმართ, და განერიდებოდა იგი, რადგან სასტიკად ებრძოდა მას სარკინოზების ჯარი, უფალმა კი დაიფარა იგი მათი ხელებისგან; და გაიარა მან ოსეთის კარი, რომელსაც დარიალანი ეწოდება, ხოლო გავიდა რა, იყო მასთან ერთად მისი ჯარისგან მარტოოდენ დაახლოებით სამასი მამაკაცი  და  მათთან  ერთად  იყო  ქრისტეს  ეს  სანატრელი მონა  აბოც.  ნერსე  კი,  დევნილი  თავისი  ქვეყნიდან,  შევიდა ჩრდილოეთის  ქვეყანაში,  სადაც  არის  სამკვიდრებელი  და სამყოფელი  მაგოგის  ძეებისა,  რომლებიც  არიან  ხაზარები –  ადამიანები  ველურები,  საშინელი  შესახედაობით,  მხეცის ბუნებისანი,   სისხლიანის   მჭამელნი,   რომლებსაც   რჯული არა  აქვთ,  არამედ  მარტოოდენ  შემოქმედი  ღმერთი  იციან.

და როდესაც მივიდა ნერსე ერისთავი ხაზართა მეფესთან, მიიღო მან იგი უცხოობისა და თავისი   მტრებისგან დევნულებისათვის და მისცა მას და მთელ მის ხალხს საჭმელი და სამოსი.

მაშინ, როდესაც ნახა ნეტარმა აბომ, რომ გაშორებულია იგი სარკინოზების საშიშროებასა და ძალადობას, იჩქარა მისულიყო ქრისტესთან და მოინათლა მამის, ძისა და სულიწმინდის სახელით პატიოსანი მღვდლების ხელით, რადგან სულიწმინდის მადლით მრავლად არის ჩრდილოეთის ქვეყანაში ქალაქები და სოფლები, რომლებიც ქრისტეს სარწმუნოებით ცხოვრობენ უშფოთველად.

ამის შემდეგ ქრისტეს მადლით უფრო მეტად ავსებული ნეტარი აბო მიეცა მარხვასა და ლოცვას დაუბრკოლებლად.

მაშინ, გარკვეული დროის შემდეგ, შეევედრა ნერსე ჩრდილოეთის მეფეს, რომ გაეშვა იგი იქიდან აფხაზეთის ქვეყანაში, რადგან თავიდანვე ჰყავდა მას გაგზავნილი იქ დედა, ცოლი, შვილები, შენაძენნი და მისი სახლისგან ყველანი, ვინაიდან დაცული იყო ეს ქვეყანა სარკინოზთა საშიშროებისგან. ამასთან, ღმერთმა მოალბო ჩრდილოეთის მეფის პიროვნება და გაუშვა მან ნერსე მრავალი საბოძვარით. და გაემართნენ ისინი სიხარულითა და ღვთისადმი მადლიერებით, გაიარეს ქვეყანა წარმართებისა, რომლებმაც საერთოდ არ იციან ღმერთი, და საშიშროების გარეშე მიდიოდნენ დღე და ღამე სამი თვის გზაზე, ხოლო ნეტარი აბო ამდენი დღის განმავლობაში ლოცულობდა გზაზე, მარხულობდა და არ წყვეტდა ფსალმუნებას.

და როდესაც მიაღწიეს მათ აფხაზეთის ქვეყანას, ამ ქვეყნის მთავარმა მიიღი ნერსე მთელი მისი ხალხით. როდესაც ნახა ნერსემ დედოფალი – თავისი დედა, ცოლი და თავისი ძეები, ყველანი სიხარულით აკურთხებდნენ ღმერთს მათი ჯანმრთელად და მშვიდობიანად შეხვედრის გამო.

მაშინ, როდესაც ეუწყა აფხაზეთის მთავრს ნეტარი აბოს შესახებ, რომ ახალი მონათლულია იგი, გაიხარა მეტად ცმთელი თავისი ხალხით; და მოუხმეს მას მთავარმა, ეპისკოპოსმა და მღვდლებმა და აკურთხევდნენ, ანუგეშებდნენ, ამცნობდნენ ცხონების სიტყვებს, ახარებდნენ ქრისტეს გამო და საუკუნო ცხოვრებისთვის, ის კი თავის მხრივ მადლიერებიტ მიუგებდა მათ ჭეშმარიტი სარწმუნოების სიტყვებს, იმგვარად, რომ უკვირდათ კიდეც მათ და ადიდებდნენ ღმერთს. ნეტარი აბოც უფრო მეტად ჰმადლობდა ღმერთს, ნახა რა ის ქვეყანა ქრისტეს სარწმუნოებით სავსე, რადგან ურწმუნოთაგანი არავინ არის მათ საზღვრებში, ვინაიდან მათ საზღვრად არის პონტოს ზღვა, ყოვლითურთ ქრისტიანთა სამკვიდრებელი ვიდრე საზღვრამდე ქალდეისა, და ტრაპეზუნტი იქ არის, სამყოფელი აფსარიისა, და ნაფსის ნავსადგური, და არის ეს ქალაქები და ადგილები ქრისტესმსახური იონთა მეფის საბრძანებელი, რომელიც საყდრობს დიდ ქალაქ კონსტანტინოპოლში.

ხოლო წმინდა და ნეტარმა აბომ, როდესაც ნახა იმ ადგილის ადამიანთა მეტისმეტი ღვთისმოყვარეობა და შეუწყვეტელი ლოცვა მთელი ხალხისა, საღვთო შური აიღო, რადგან გაიხსენა მან წმინდა მოციქულის სიტყვა: “კარგია მარადის კარგის გამო ბაძვა” (გალ. 4.18). დაიწყო მანაც იანვრის თვის ზამთრის დღეებში, ამ თვის ჩვიდმეტში, წმინდა მამის ანტონის ხსენებისას, და იტვირთა მანაც მკაცრი მოღვაწეობა, ქალაქის შიგნით, როგორც უდაბნოში, შეებმოდა მტერს – ეშმაკს და დუმილითა და მარხვით აუძლურებდა თავისი სიჭაბუკის სხეულს” “რომ შესძლებოდა ეშმაკის ყველა გახურებული ისრის ჩაქრობა” (ეფეს. 6.16). გაიხსენა მან ჩვენი მაცხოვრის შესახებ, თუ როგორ დასძლია მან, წმინდა ნათლისღების შემდეგ უდაბნოში გასულმა, ის მზაკვარი განმცდელი, ეშმაკი, ორმოცდღიანი წმინდა ლოცვითა და მარხვით. ამგვარადვე, ეს ნეტარი აბო ერთ სიტყვასაც კი აღარ ამბობდა ადამიანთა შორის, არამედ მხოლოდ ღმერთს ესაუბრებოდა თავის წმინდა ლოცვაში. ასე განვლო მან სამი თვე და იმყოფებოდა მარხვითა და დუმილით, ხოლო დიდი მარხვის წმინდა დღეებში, შვიდ შვიდეულში, მხოლოდ კვირასა და შაბათ დღეს, მას შემდეგ, რაც მიიღებდა იგი წმინდა საიდუმლოს, ქრისტეს და ხორცსა და სისხლს, მაშინღა სინაკლულით იღებდა საჭმელს, სანამ არ დადგა ის წმინდა დღე, დიდი დღესასწაული აღვსება, ჩვენი ღვთის ქრისტეს აღდგომა. მხოლოდ მაშინ შეწყვიტა მან მკაცრი მარხვა, თავისი ენაც გახსნა უსიტყვობისგან და ადიდებდა ღმერთს.

ხოლო ქართლიდან ნერსეს დევნულების შემდეგ გამოგზავნა მაჰდი ამირა მუმნმა, ღვთის ბრძანებით, ნერსეს დისწული, გურგენ ერისთავის ძე სტეფანოზი ქართლის ქვეყნის ერისთავად მისი დედის ძმის ნერსეს ნაცვლად. მაშინ გაიხარა ნერსემ, რომ არ გააშორა უფალმა უფლებამოსილება მისი სახლიდან. ამიტომ, ისიც უფრო გულმოდგინედ მოწადინებული გახდა, გამოგზავნა შუამავლები და ითხოვა ხელისუფალთაგან, ამ ქვეყნის ამირებისგან, რომ უსაფრთხო გაეხადათ იგი ბოროტისგან და მთელი მისი სახლით თავისუფლად შემოსულიყო [ქართლში]. და როდესაც წამოვიდნენ ისინი აფხაზეთის ქვეყნიდან, მაშინ ნეტარ აბოს მოუხმო აფხაზეთის მთავარმა და უთხრა: “ნუ გახვალ შენ ამ ქვეყნიდან, რადგან ქართლის ქვეყანა სარკინოზებს უკავიათ, შენ კი წარმოშობით სარკინოზი ხარ და არ დაგანებებენ შენ, რომ ქრისტიანად იყო მათ შორის. ამიტომ, მეშინია მე შენს გამო, რომ არ გაგაშორონ შენ კვლავ ქრისტეს სარწმუნოებისგან ნებსით ანდა უნებლიეთ და არ დაღუპო შენი ამდენი შრომა”. მაგრამ ნეტარმა აბომ უთხრა: “მას შემდეგ, რაც შემიწყნარა მე ქრისტემ, ჩემი თავდაპირველი უმეცრების სიბნელე გამაშორა მე და თავისი სინათლის ღირსი გამხადა, არასოდეს უარვყოფ მის სახელს; თუნდაც რომ ოქროსა და ვერცხლის სიმრავლე მომცენ მე ანდა ტანჯვითა და გვემით განმსაჯონ მე, ვერ განმაშორებენ ჩემი უფლის სიყვარულს, ახლა კი შენ ნუ შემაჩერებ მე, ღვთისმსახურო, რადგან რა მადლი იქნება ჩემი აქ ყოფნა, სადაც არ არის არც შიში, არც სიკვდილი ქრისტესთვის? ახლა გევედრები, გამიშვი მე, რომ ცხადად ეუწყოთ ქრისტესმოძულეებს ჩემი ქრისტიანობა, ვინაიდან მსმენია მე წმინდა სახარებისგან ჩვენი მაცხოვრის მიერ ნათქვამი: “არავინ აანთებს სანთელს და არ შედგამს მას საწყაოს ქვეშ, არამედ სასანთლეზე გადგამს, რომ უნათებდეს ყველას; ასე ბრწყინავდეს თქვენი სინათლე ადამიანთა წინაშე” (მთ. 5.15-16), და ახლა მე რატომ დავფარო ეს ჭეშმარიტი სინათლე, რითაც გამანათლა მე ქრისტემ? არასოდეს დავიმალები მე სიკვდილის შიშით, რადგან ვისწავლე მე წმინდა მოციქულისგან: “ვერც მხდალნი დაიკვიდრებენ ღვთის სასუფეველს” (Iკორ. 6.9-10). ამიტომ, არ მეშინია მე სიკვდილისა, რადგან მე სასუფეველს ვეძიებ ქრისტესგან” და ასე დააჯერა მან მთავარი და [მანაც] გაუშვა.

და წამოვიდა იგი ნერსესთან ერთად ქართლის ქვეყანაში, შემოვიდა ქალაქ თბილისში და მიმოდიოდა გაცხადებულ ქრისტიანად. ხოლო როდესაც ნახეს იგი ქრისტიანად იქ მყოფმა სარკინოზებმა, რომლებიც თავიდანვე იცნობდნენ მას, მათგან ნაწილი უსაყვედურებდა, ნაწილი აგინებდა, ნაწილი აშინებდა, ნაწილი დევნიდა, ნაწილი მშვიდობიანი სიტყვით არწმუნებდა, მაგრამ იგი გამყარებული იყო ქრისტეს მიმართ და არავისგან ძრწუნდებოდა, არამედ სამი წლის განმავლობაში მიმოდიოდა ქალაქში და გარშემო ყველა სოფელში გაცხადებულ ქრისტიანად, თუმცა “ვერავინ გაიწოდა მისკენ ხელი უკეთურად, რადგან ჯერ არ მოსულიყო მისი დრო” (ი. 7.10), ქრისტესმოყვარე ადამიანები კი, რომლებმაც იცოდნენ ღვთის მიმართ მისი სათნოება, პატრონობდნენ მას საჭმლითა და სამოსით.

წყაროს სანახავად დააჭირეთ აქ:

loading...

კატეგორია: აბო თბილელი | ნანახია: 2251 | დაამატა: maklikli | ტეგები: მოღვაწობა, abo, აბო, 3თავი, თბილელი, tbileli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: