10:08 PM აბო თბილელი / მეოთხე თავი / წმინდა მოწამე აბოს ქება | |
ახლა მოდით, ქრისტეს მორწმუნენო, დ ა ვიდღესასწაულოთ ამ ახალი წმინდა მოწამის ხსენება, რომელიც ჩვენდა მეოხად მოგვანიჭა ქრისტემ მთელ ამ ჩვენს ქართლის ქვეყანას, დიდი სიხარულით გავხსნათ ჩვენი გულისა და გონებათა საუნჯენი, მხიარული სახითა და წრფელი ენით ვაქოთ მისი კეთილმოღვაწეობა და ვთქვათ: გიხაროდეს, სანატრელო მოწამეო, უფლის მიერ, რადგან შენ, ჩვენი მაცხოვრის უკანასკნელი მშრომელი მეთერთმეტე საათისა, დღის მშრომელებთან ერთად ადრე ამდგართ შეესწორე და მათთან ერთად მათ საზღაურს არ დააკლდი. გიხაროდეს, მოწამეო, უფლის მიერ, რადგან შენ მიემსგავსე უკანასკნელ მოციქულ პავლეს მამისეულ რჯულთა და მოძღვრებათა უკუგდებით და, მის მსგავსადვე, ქრისტეს, ღვთის ძის აღსარების გამო თავი ახლა კი ღირსეულად ვინ შეგაქებს შენ, ჭეშმარიტად საქებს? მსურს, რომ გაქო შენ, ყოვლედქებულო ქრისტესმოწამეო, მაგრამ ვერ ვბედავ, რადგან ჩემს გონებაზე მეტად ამაღლდა შენი სათნოებების ქება. ამასთან, მეშინია მე დადუმებისა, რადგან სანატრელი ქრისტესმიერი სიყვარულით შემიყვარე მე, სანამ ჯერ კიდევ იყავი ამ ჩვენს სოფელში, ახლა კი, შენს საქებად ჩემი ენის შეჩერებით იქნებ შეჩერდეს შენი ჩემს გამო მეოხებითი მოღვაწეობა ქრისტეს მიმართ. ახლა, შენგანვე ქრისტესმიერი მადლის მიღებით, ჩემი ძალისამებრ შეგაქებ შენ, მშვენიერებით შემკულო ქრისტეს მიერ. გიხაროდეს, გიხაროდეს, სანატრელო მოწამეო, უფლის მიერ, რადგან შენ ქრისტეს თვითმხილველი და ხელითმსახური წმინდა მოციქულების ნეტარება სარწმუნოებითა და სიმხნისმიერი აღსარებით უნახავად მოიპოვე. რადგან შენ ზეცათა მამამ თავისი მხოლოდშობილი ძის მიერ გვირგვინი დაგადგა და სულიწმინდის მადლით აგავსო. შენ ძემ მამის მიერ შეგიწყნარა და სულიწმინდამ გადიდა. შენ სულიწმინდამ შეგიყვარა და მამასთან და ძესთან თავისი ერთობით პატივი მოგაგო და ბრძოლაში გამარჯვებულად გამოგაჩინა. შენთვის გაუკვირდა ანგელოზთა მწყობრს, რადგან როგორც უხორცომ დაითმინე ქრისტესთვის სიკვდილი. შენთვის ხარობენ მამათმთავარნი, რადგან ნეტარმა აბრაამმა ქრისტეს გამო თავის წიაღში მიიღო თავისი შთამომავალი, რომელიც მიიღო მან თავის კარავში და მისგან მრავალი ერის მამად გამოჩნდა. შენ ქრისტეს მოწაფეებს ნაყოფად გაუხდი და მოციქულებს – მოწაფედ. შენ ზეცის მეუფის წიგნში მოწამეთა შორის სახელით დაიწერე და მარტვილებთან ერთად გვირგვინოსანი გახდი. შენ აღმსარებლებთან ერთად განწესდი და მართლებთან ერთად იდიდები. შენთვის დიდად გვიკვირს ჩვენ, წმინდაო მოწამეო, რადგან მეფობის ამ დროში ისმაიტელთა განდიდებისას შენ ნებსით აირჩიე სიმდაბლე ქრისტესთვის, მახვილით შენარჩუნებული რჯული უარყავი, ჭეშმარიტი აღიარე და ჯვარცმულს ეცი თაყვანი უფლად და ღმერთად. საიდან ან ვისგან ისწავლე ქრისტესთვის ესოდენი შემმეცნებლობა? რომელმა საკვირველებამ აგიყვანა შენ სასუფევლის დიდებამდე? შენ ჭეშმარიტად მიემსგავსე მარჯვენა ავაზაკს, რადგან გყავდა შენც ერთი ვინმე, შენთან ერთად შეპყრობილთაგანი, ქრისტიანთა შვილი, რომელიც გაშორებული იყო ქრისტესგან და მიდევნებული უცხო რჯულს, მაგრამ კვლავ ქრისტეს აღსარების გამო შენთან ერთად განისჯებოდა, თუმცა საბრალო კვლავ დაბრკოლდა და დაეცა, რადგან სიკვდილის შიშით ეს საწუთრო შეიყვარა და ის საუკუნო დაღუპა; აიტაცა იგი ბოროტმა მტერმა და ქრისტეს ცხვარი ნამგლევი გახდა, ვინაიდან გაშორდა იგი კარგ მწყემსს და ქრისტეს ძლიერების კვერთხი თავის ხელთაგან გააგდო; ამიტომაც დამარცხდა იგი და განიდევნა გონიერი ცხვრების სამწყსოსგან, შენ კი სანატრელო მოწამეო, იმ კვერთხით – თავისი ჯვრით დაგიფარა ქრისტემ შენი მისდამი ძლიერი სარწმუნოების გამო. შენ იმ ავაზაკს შეესწორე სარწმუნოებით და სამოთხეში განწესდი. შენ ქრისტეს ჯვრით სამოთხის კარი გააღე და მცველმა ქერუბიმებმა, ცეცხლის მსგავსებმა, ვერ გამოგკითხეს, თუ ვინ ხარო. და რაღა ვთქვა უფრო მეტად, რადგან “უფალმა ივნო ჩვენთვის; უდანაშაულომ დამნაშავეთათვის” (I პეტრე 3.18) დაღვარა თავისი უბიწო სისხლი, ხოლო შენ გადაიხადე ვალი, რადგან შენც დაღვარე შენი სისხლი მისი სიყვარულისთვის. ამიტომაც გამარჯვების გვირგვინით შეგამკო შენ და თავისი მამის სასუფევლში დამკვიდრებულად გამოგაჩინა. შენ გამო, წმინდაო მოწამეო, ქრისტეს სიყვარული ჩვენდამი და ჩვენი მისდამი სარწმუნოება კვლავ განახლდა, რადგან შევერიეთ უცხო ხალხს, ქრისტესგან განდგომილს რჯულით, ამ საწუთროს მოყვარე ერს, ღვთის ძისადმი ურწმუნო მოდგმას, ჩვენი სარწმუნოების მაგინებელთ, რომლებისგანაც ვისწავლეთ მათი საქმენი და მათდამი ბაძვით ჩვენს გულთა წადილს ვემონებოდით, როგორც თითქოსდა ქრისტესაგან უიმედონი და საუკუნო ცხოვრების დამვიწყებლები, ხოლო ახლა შენ მიერ კვლავ მოგვეახლა ქრისტე და კვლავ შევიმეცნეთ ჩვენ მისი შიში და სიყვარული მისი, და ღირსნი გავხდით მისი მადლისა, მისი [ჩვენდამი] სიყვარულისა და წყალობისა ყოველდღიურად მრავალი ნიშნისა და კურნების ჩვენ შორის გამოვლინებით. შენ მახვილითა და ცეცხლით შენმა უგუნურმა შემწირველებმა ალზე მეტად გაგაბრწყინეს, რადგან ვერ შეიცნეს უცნობოებმა უფლის სიტყვა: “იყოს ისე, რომ ყველას, ვინც დაგხოცავთ თქვენ, ეგონოს თითქოს მსხვერპლი შესწირა ღმერთს” (ი. 16,2). ჰოი უგუნურება და უმეტესი უგუნურება მათი, რადგან შენ, რომელსაც თავდაპირველად არავინ გიცნობდა, თუ ვინ იყავი ანდა რომელი ერისგან ან რომელი ხალხისგან, ანთუ რომელი რჯულით ცხოვრობდი, ახლა უკვე მათდა უნებურად წარმოგაჩინეს ქრისტეს გაცხადებულ აღმსარებლად და ყველამ მარტვილად შეგიცნო. შენ პატივი მოგაგო ყველა ქმნილებამ, რადგან მოწამეა ცა შენი სიმართლისა უცხო ცეცხლის გადმოვლინებით იმ ადგილზე, სადაც შენ, ცეცხლით დამწვარი, შეიწირე როგორც უბიწო კრავი. შენ მიწამ წმინდა და სათნო მსხვერპლად მიგძღვნა ღმერთს შენი პატიოსანი სხეულის დაწვით, რადგან გაგიხდა იგი შენ როგორც აბელის, ენუქის, აბრაამის და ელიას საკურთხეველი, რომლებიც სრულადდასაწველ კრავებს სწირავდნენ ღმერთს, და კიდევ, ადგილი შენი სამსხვერპლოსი მიემსგავსა აარონ და ზაქარია მღვდლების სასაკმევლეს, რადგან ცეცხლის ნაკვერცხლებზე საკმეველთა სურნელებისებრ ადიოდა უფლისადმი წმიდათა წმიდაში, ზეცის საკურთხევლისკენ მაგ შენს ხორცთა [სურნელება]. შენ მიგიღეს მაგ ნაკადულებმა როგორც ქრისტეს მარტვილი, ხოლო ქრისტე ღმერთმა სიღრმეთა სიბნელე ზეცის სინათლით გააბრწყინა. შენ შენმა ნათესავებმა გაგიუცხოვეს და გაგაგდეს, ხოლო ქრისტემ ისმაიტელთა შორის, როგორც ვარდი ეკალთაგან, გამოგარჩია და მიგძღვნა თავის ეკლესიას. შენ, ეგ ველური ზეთისხილი, აგიღო ქრისტემ და თავის სამკვიდრებელ ყვავილნარში კურთხევის ნაყოფად დაგრგო და შენი სარწმუნოების ნაყოფით ახარა ეკლესიას, რომელშიც იშვებენ ქრისტეს მორწმუნეები და ნეტარყოფენ შენს დიდებულებას, შენს მოღვაწეობას, შენს სიმხნეს, შენს მარტვილობას, შენს გვირგვინოსნობას. როგორ გაქებდე შენ, ბრძოლისმძლეველო წმინდა მოწამეო, რადგან შენ, ეგ ახალი ქრისტესმორწმუნე, ჩვენს მოძღვრად გახდი; სწავლულნი უფრო მეტად ცნობიერჰყავ, შერყეულნი უფრო მეტად განამტკიცე, განმტკიცებულნი განამხიარულე, წარმართნი წადიერჰყავ ქრისტესადმი დასამონებლად, შენი მარტვილობის სახსენებელი ჩვენ დაგვიტოვე, შენი სახელის ყველასათვის საუწყებლად მქადაგებელნი გავხდით. ახლა ვევედრებით ყველანი შენს ქრისტესმოწამეობას: მეოხად იყავ წინაშე ყოველთა მაცხოვრისა ჩვენ ყოველთათვის, რომლებიც აღვასრულებთ შენს სახსენებელს და ვადიდებთ მამას, ძეს და სულიწმინდას აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ. loading...
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |