მთავარი » 2015 » სექტემბერი » 23 » გრიგოლ ხანძთელი მე-19 თავი შინაარსი
8:13 PM
გრიგოლ ხანძთელი მე-19 თავი შინაარსი

XIX.

 

აშოტ კურაპალატმა მრავალი ქვეყანა დაიპყრო. მან განაახლა მურვან-ყრუს მიერ დანგრეული არტანუჯის ციხე-ქალაქი თავისი ცოლისთვის. დიდხანს ცხოვრობდა იქ მშვიდად. მაგრამ აცდუნა ეშმაკმა და მოაყვანინა ვიღაც ქალი და მასთან ერთად ცხოვრობდა იქ თავისი მეუღლისთვის აშენებულ ციხეში.

 

როგორც კი ეს გრიგოლის ყურამდე მივიდა, ის ძალიან შეწუხდა და პირში გაკიცხა ხელმწიფე. აშოტმა აღუთქვა რომ მოინანიებდა და ქალს უკან გააგზავნიდა საიდანაც მოიყვანა, მაგრამ ვერ შეასრულა თავისი ნათქვამი.

 

როდესაც აშოტი არტანუჯიდან შორს იყო წასული, გრიგოლმა დრო იხელთა და შატბერდში წავიდა. საღამოს ჩავიდა და ციხეს მიადგა. გრიგოლმა კაცი გაუგზავნა იმ ქალს საჭმლის სათხოვნელად. მას ძალიან გაუხარდა და მრავალი სანოვაგე გაუგზავნა გრიგოლს და მის მოწაფეებს. როდესაც გათენდა, გრიგოლმა ისევ გააგზავნა თავისი კაცი მასთან, რომ გადაეცა გრიგოლის დანაბარები -ქალის ნახვა მსურსო. მაშინ უფრო გაუხარდა მას, რადგან ეგონა, გრიგოლის დალოცვის ღირსი გავხდიო. მან თან ორი მსახურიც გაიყოლა.

 

მაგრამ გრიგოლმა არ გადასწერა პირჯვარი, მოშორებით დაჯდომა უბრძანა, მისი მოწაფეებიც განზე გადგნენ გრიგოლის მინიშნებით. იმ ქალის მსახურებიც გაიწიენ, ყველას მოფენოდა წმინდანის შიში. მაშინ თქვა გრიგოლმა:

 

- ჰოი შე საწყალო! ცოლ-ქმარს შორის შეჭრილხარ და ჩადიხარ შენს საუკუნოდ წარსაწყმედელ ცოდვას. შენ ეშმაკს დაემონე და ფუჭი მიზეზის გამო მაცდუნებლად ჰქცევიხარ დიდ ხელმწიფეს.

 

ქალმა ტირილით უთხრა:

 

- წმინდანო, მე არ შემიძლია თავისუფლად მოქმედება, კურაპალატს ძალიან ვუყვარვარ. არ ვიცი რა ვქნა, რადგან შენმა ნათქვამმა ფრიად შემაწუხა.

 

- შვილო, მომისმინე და დაემორჩილე ჩემს ყოველ სიტყვას და მე გიშუამდგომლებ ქრისტესთან, დაე მან თვითონ შეგინდოს ცოდვები.

 

- წმინდაო მამაო, თქვენს ხელშ ვარ! ჩემი სულის გასაწმენდელად იზრუნეთ.

 

მაშინ გადასწერა ჯვარი, აკურთხა, დალოცა, მისცა თავისი ფეხსაცმელი და ზონარი, ქალმა ისინი წელზე შემოირტყა და გრიგოლმა ის წაიყვანა "მერე"-ში, ფებრონიასთან.

 

როდესაც კურაპალატი ციხეში დაბრუნდა, იკითხა დედაკაცი და როცა შეიტყო ყოველივე მომხდარი, ძალიან შეწუხდა და რადგან ის რაიმე ადამიანური ცდუნებით კი არ იყო ტრფიალების მახეში გაბმული, არამედ ეშმაკის მანქანებს ჰყავდა დამონებული, თავმოყვარეობა დაივიწყა და სწრაფად გაეშურა მერეში. ილოცა ღვთისმშობლის ტაძარში და როცა აშოტმა მიიღო ფებრონიას ლოცვა-კურთხევა, თქვა:

 

- იცი დედაო, თუ რატომ მოვედი აქ?

 

- მხოლოდ უფალმა თუ იცის.

 

- ჩვენი სახლის მეჭურჭლე ქალი აქ წამოგიყვანიათ. ჩვენი ყოველი მონაგები მის ხელში იყო, ამის გამო კი დიდძალი განძი დაგვაკლდა. ბრძანე, რომ ერთხელ დაბრუნდეს ციხეში, ყველაფერი მოაგვაროს და თუ მოუნდა, ისევ უკან დაბრუნდეს.

 

- მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთა თანა, რომელნი იქმან უსჯულოებასა!

 

ფებრონიამ კურაპალატს დავით წინასწარმეტყველის ნათქვამი შეახსენა. ამით მიანიშნა, რომ აშოტი მხოლოდ ცოდვების გამართლებას და თავისი შეცოდებებისთვის საპატიო მიზეზების ძიებას ცდილობდა.

 

ეს რომ გაიგო აშოტმა, შერცხვა, რომ ამხილეს და დადუმდა. მას, ხორციელად ძლიერ ხელმწიფეს, სულით ძლიერმა ადამიანებმა სძლიეს. ადამიანებმა, რომელთაც ღვთაებასთან მიახლოების დაუოკებელი სურვილი ჰქონდათ.

 

მწუხარებით დამძიმებულმა კურაპალატმა თქვა:

 

- ნეტა მას, ვინც ცოცხალი აღარ არის.

 

აშოტი სწრაფად წამოდგა და წავიდა. ფებრონია დამშვიდდა, რადგან მის მიპატიჟებაზე, რომ დარჩენილიყო, აშოტმა უარი უთხრა.

წყაროს სანახავად დააჭირეთ აქ:

loading...

კატეგორია: გრიგოლ ხანძთელი | ნანახია: 3506 | დაამატა: maklikli | ტეგები: შინაარსი, გრიგოლ, თავი, ხანძთელი, მე-19 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: